გორის მერიის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებამ ბოლო 5 თვეში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ოთხი გამოკითხვა ჩაატარა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პირველი გამოკითხვა მიმდინარე წლის იანვრის პირველ ნახევარში ჩატარდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული დავალების საფუძველზე, ამ გამოკითხვის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფინანსურად გაჭირვებული იმ ადამიანების შესახებ, ვისაც აქვს სურვილი დასაქმდეს, სამუშაოს გამოჩენის შემთხვევაში.
მეორე გამოკითხვა ჩატარდა მიმდინარე წლის იანვრის მეორე ნახევარში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე, მოსახლეობას ჰკითხეს, ჰქონდათ, თუ არა მათ სურვილი, ემუშავათ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებში.
მესამე გამოკითხვის მიზანი კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუსაქმებელ ადამიანთა რაოდენობის დადგენა იყო. ეს გამოკითხვა ჩატარებულია ნაწილობრივ და ამ ეტაპზე შეჩერებულია.
რაც შეეხება მეოთხე გამოკითხვას, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული დავალება და მისი მიზანია საჭირო ინფორმაციის შეგროვება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შესადგენად. გამოკითხვის პროცესი დღესაც მიმდინარეობს.