გურიაში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება

1298

“ელსელემას” სამკერვალო ფაბრიკა გურიაში მაისის ბოლოს გაიხსნება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ელგუჯა მამასახლისი აცხადებს, ფაბრიკის გახსნა მარტში იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ სამკერვალოს სიმძლავრის გაზრდა გადაწყვიტეს, სამუშაოები გახანგრძლივდა.

სამკერვალო ერთი სართულის ნაცვლად, ორ სართულზე მოეწყობა, შესაბამისად, დაგეგმილი 150 ადამიანის ნაცვლად, იქ 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

საწარმო ლანჩხუთის ცენტრში, მერიის გვერდით მდებარეობს, მის მოწყობაში კომპანიამ ჯამში 1,2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

“სამუშაოები რამდენიმე კვირით გახანგრძლივდა, რადგან გადავწყვიტეთ საწარმოო სიმძლავრე გაგვეზარდა, მაგალითად შენობის პირველ სართულზე ვგეგმავდით საგამომჭრელო დარბაზის გაკეთებას, რაც მარტივი მოსაწყობი იყო, მაგრამ აქაც ვაკეთებთ სამკერვალოს, რომ უფრო მსხვილი წარმოება იყოს. ჩვენ თბილისშიც გვაქვს ფაბრიკა, საიდანაც გამოჭრილი ნაწარმი გურიაში გაიგზავნება და იქ შეიკერება. მკერავების გადამზადებას თავად ვახორციელებთ, ისინი უკვე კერავენ საცდელ პარტიებს”, – განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.

შპს “ელსელემა” უკვე ფლობს სამკერვალო ფაბრიკას თბილისში (გურამიშვილის გამზირზე), სადაც ახალი საწარმო დაამატა და ძველის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც წლის ბოლომდე დასრულდება.

ფაბრიკაში ქალისა და მამაკაცის სამოსს და სპეც. ტანსაცმელს კერავენ, მათ შორის “ჯავშანჟილეტებსაც”.

“ელსელემას” მიერ წარმოებული პროდუქცია ამჟამად საქართველოს ბაზარზე იყიდება, კომპანია ისეთი ბრენდების დაკვეთებსაც ასრულებდა, როგორიც “კოტონი” და “მონკლერია”.