ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია იგეგმება

1106

ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩიდან 32-ე საჯარო სკოლამდე, ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

სამუშაოებისთვის ტენდერი (NAT180005549) უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, პირველ ეტაპზე მდინარის კალაპოტიდან უნდა მოხდეს დაგროვილი ქვიშა-ღორღის ამოწმენდა. შემდეგ კი უნდა მოეწყოს 25 სმ. სისქის ბეტონის კედლები.

სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციისთვის ქუთასის მერია 582 000 ლარს დახარჯავს.

ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციას ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები წლებია ითხოვენ. მდინარე ძლიერი წვიმის დროს კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ქუჩებს ტბორავს.

მდინარის კალაპოტის რეაბილიტაციაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდნენ. მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ საკითხზე მოლაპარაკება რეგიონალური განვითარების ფონდთან მიმდინარეობდა, რომელსაც სამუშაოებისთვის  1 900 000 ლარი უნდა გამოეყო. რეგიონალური განვითარების ფონდმა კი, მოგვიანებით განაცხადა, რომ ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია პრიორიტეტული  არ იყო.