ზაზა გაბუნია კანონპროექტებში განსახორციელებლ ცვლილებებს გამოეხმაურა

723

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” კანონში და თანმდევ კანონპროექტებში განსახორციელებლ ცვლილებებს გამოეხმაურა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებათა პაკეტი ოპტიმალურ შინაარსს გვთავაზობს, რომლის მიხედვით, პირველივე წუთიდან უკლებლივ ყველა მესაკუთრე იქნება გადაწყვეტილების მიღების მონაწილე და შემოთავაზებული ვერსია, რომელიც კარგი ევროპული მაგალითია, იძლევა შესაძლებლობას გადაწყვეტილებები სამართლიანობის და ლოგიკის საფუძველზე შემუშავდეს.

მისი თქმით, დღეს მოქმედი რედაქცია იძლევა შესაძლებლობას, ერთი ადამიანის კერძო ინტერესმა დააზიანოს და დაჩრდილოს უფრო მეტი ადამიანის ინტერესი და ამით დაზიანდეს საჯარო ინტერესიც.

”ამიტომ, შემოგვაქვს ნორმა, რომლის მიხედვით უპირატესობა ენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს – მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში. დაცულია ყველას კონსტიტუციური უფლება, რადგან მოსახლეობა არაფერს კარგავს. პირიქით, იღებს მეტი ღირებულების საკუთრებას და ხდება უსაფრთხო გარემოში ცხოვრების და საკუთრების დამოუკიდებლად განკარგვის კონსტიტუციური უფლების დაცვაც, რასაც მოქმედი რედაქცია ერთგავარად ეწინააღმდეგება, როცა ერთ ადამიანს შეუძლია დანარჩენის ინტერესის უგულებყოფა და პროექტის ჩაშლა. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს ცვლილებები იმოქმედებს იმ შემთხვევებში, როცა თბილისის მერია ახორციელებს რეაბილიტაციას და მაშინ როცა ეს სამუშაოები წინასწარ დადგენილ სარეაბილიტაციო არეალში შესრულდება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რადგან ამ ცვლილებით უპირატესობა ენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს – მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.