რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების 200-მდე წარმომადგენელმა სოფლის განვითარების საკითხებზე საინფორმაციო სემინარებში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო კამპანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა.
“საქართველოს სოფლის ეკონომიკას განვითარებისა და ინოვაციის დიდი პოტენციალი აქვს. სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ადგილობრივი განხილვების შედეგად ახალი შესაძლებლობები და ცვლილების ეფექტიანი ინსტრუმენტები გამოიკვეთება“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.
საინფორაციო სემინარები პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ტექნიკური ორგანიზებით მიმდინარეობდა. მათი მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერების ამაღლება საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ და მისი შესაძლებლობების გაზრდა ამ პოლიტიკის წარმატებული განხორცილებისათვის.
სემინარებში მონაწილეობა 64 მუნიციპალიტეტის 170-მდე ადგილობრივმა საჯარო მოხელემ მიიღო.
“სოფლის განვითარება კომპლექსური ტრანსფორმაციული ძალისხმევაა. მისი წარმატება რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, რადგან სწორედ ადგილობრივი გადაწყვეტილებები ყველაზე ახლოსაა ადამიანებთან და მათ საჭიროებებთან“, – აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა.
სემინარების მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების სტრატეგიულ როლზე ისეთ გამოწვევებთან გამკლავებაში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კლიმატის ცვლილება და მოქალაქეთა ჩართულობა.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ სოფლის განვითარება ქმედითი მოდელია ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ხოლო მისი წარმატებისათვის აუცილებელია ეფექტიანი პოლიტიკა და სამოქალაქო ჩართულობა. სემინარების მონაწილეებმა იმსჯელეს მოქალაქეთა ჩართულობის ევროპული მოდელზე (LEADER) და მეტი ინფორმაცია მოითხოვეს რვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპილოტე პროექტებზე, რომელიც ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობა სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ევროკავშირის (EU) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით გაგრძელდება.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.
საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.