თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სპეციალური პროგრამით 517 სპეცპედაგოგი გადამზადდა

1274

სპეციალური პროგრამით თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 517 სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი გადამზადდა. აღნიშნული თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებს დღეს გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, სხვადასხვა საბავშვო ბაღის დირექტორები და სხვა პირები ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ გვაქვს შეჯამება ჩვენი დიდი პროექტის, რომელიც გულისხმობს, მულტიდისციპლინარული ჯგუფის გადამზადებას. კონკრეტულად, გადამზადდა 517 ფსიქოლოგი, ლოგოპედი და სპეცპედაგოგი. მათთვის მომზადდა სახელმძღვანელო. სწორედ ეს ჯგუფი ყოველდღიურად ზრუნავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე. ეს თანამშრომლები 171 საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში განხორციელებულ რეფორმებიდან ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, საბავშვო ბაღები კვალიფიციური ფსიქოლოგით, ლოგოპედითა და სპეცპედაგოგით დაკომპლექტდა.

„ეს არის მუდმივი პროცესი და ჩვენ კვლავაც ვიზრუნებთ  მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ბაგა-ბაღების რეფორმის ფარგლებში ინკლუზია ერთ-ერთ აქტიურ კომპონენტად რჩება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.