კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით ტენდერი არ შედგა. კვლევის ჩატარებისთვის თბილისის მერია 80 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავდა. თუმცა, ტენდერში არც ერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
გამარჯვებულ კომპანიას კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიის გეოეკოლოგიური კვლევა უნდა ჩაეტარებინა, წყალმომარაგების დეფიციტის შევსების ალტერნატიული წყაროები მოიძიებინა და ამ წყაროდან წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოს საპროექტო დოკუმენტაცია შეედგინა.
კუს ტბა მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 690,7 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ქვაბულის სიგრძე 380 მეტრი, სიგანე კი 140 მეტრამდეა. ტბის უდიდესი სიღრმე 8,5 მეტრია.
ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს კუს ტბისკენ გვირაბი გაიჭრა, რომლითაც ტბა მდინარე ვარაზისხევიდან მარაგდება.