კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიება იგეგმება. ამ მიზნით კვლევის ჩატარებაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 80 ათასი ლარია. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
გამარჯვებულმა კომპანიამ კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიის გეოეკოლოგიური კვლევა უნდა ჩატაროს, წყალმომარაგების დეფიციტის შევსების ალტერნატიული წყაროები მოიძიოს და ამ წყაროდან წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოს საპროექტო დოკუმენტაცია შეადგინოს.
იგეგმება კუს ტბის წყლის ბალანსის შედგენა, ტბის შემოგარენის და ვარაზისხევის წყალშემკრები აუზის გეოლოგიურ-გეოდინამიკური და ჰიდროგეოლოგიური რეკოგნოსცირება; კუს ტბაში გრუნტის წყლების ხარჯზე წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობის შეფასება; წყლის დეფიციტის შესაძლო გეოლოგიური ანთროპოგენური მიზეზების წარსულში არსებული წყალმომარაგების სისტემების აღდგენის მიზანშეწონილობის შეფასება.
განიხილება საპროექტო წინადადებები მდინარე ვერედან, ლეღვთახევიდან ან/და სხვა წყაროდან წყალსადენების გაყვანის შესაძლებლობაც.
კუს ტბა მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 690,7 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ქვაბულის სიგრძე 380 მეტრი, სიგანე კი 140 მეტრამდეა. ტბის უდიდესი სიღრმე 8,5 მეტრია.
ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს კუს ტბისკენ გვირაბი გაიჭრა, რომლითაც ტბა მდინარე ვარაზისხევიდან მარაგდება.