თბილისში, მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ახალი ველობილიკის პროექტირებაზე ტენდერი მესამედ, გაზრდილი ფასით გამოცხადდა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
პირველი ტენდერით მომსახურების შესყიდვას მერია 31 860 ლარად გეგმავდა. განაცხადი შპს „გალათეამ“ შეიტანა (22 500 ლარი), თუმცა სატენდერო კომისიამ კომპანიის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე ტენდერში ფასი 40 ათასი ლარი იყო, თუმცა არცერთი განაცხადი არ დაფიქსირდა.
ახალი ტენდერით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 980 ლარია. განაცხადების მიღება 9-12 აპრილს იწარმოებს. სამუშაო კი გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ველობილიკის პროექტის გარდა, კომპანიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოც უნდა დაგეგმოს.
არსებული ინფორმაციით, ველობილიკი დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანის ქუჩას, ქავთარაძის ქუჩას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და დამთავრდება პეკინის ქუჩაზე, სადაც არსებულ ველობილიკს მიუერთდება.
საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5,1 კილომეტრია, ხოლო სიგანე ორივე მიმართულებით 3 მეტრი.