უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინამდე ველობილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

563

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოწყობასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას city.kvira.ge ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მ-ს.

გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია მოიცავს არსებული თარგების პერიმეტრზე ბორდიურის შეკვრას (არსებულის გასწორებას ან ახლის მოწყობას), მიწის ნოყიერი ნაზავის შეტანას, სარწყავი სისტემის მოწყობას და დენდროლოგიური პროექტის (ლანდშაფტის დიზაინის) მომზადებას.

პრეტენდენტს 2015 წლის პირველი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ოდენობით გზების ან ველობილიკების, ტროტუარების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, მათ შორის ერთ ობიექტზე არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ღირებულების გამოცდილება.

წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყო და 5 მარტის 16:00 -მდე გრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 860 ლარს შეადგენს.