რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტებზე გადაცემის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში წარმოადგინეს და აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.
თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, დეცენტრალიზაციის კუთხით, მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემის ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განათლების საკითხები ჩაითვალა და პირველი ეტაპის პრიორიტეტებიც განისაზღვრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტებმა მაქსიმალურად დაიწყონ ჩართულობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა სასკოლო შენობების რეაბილიტაციის და მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე ჩაერთონ ისეთ სერიოზულ პროგრამაში, რომელიც არის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა.
შეხვედრის დასასრულს, სხდომის მუშაობა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შეაჯამა.
„ამ დისკუსიის შედეგად, ჩვენ და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამაც დაინახა კიდევ ერთხელ, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი, უაღრესად საყურადღებო, მაგრამ ამ საკითხს პირველ რიგში სჭირდება კარგად დაგეგმვა და მხარდაჭერა. ეს ორი კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ რესურსი იმისა, ჩვენ ამ ორი კომპონენტის მიმართულებით ვიაროთ, არსებობს.
ამავდროულად, ხაზგასმით მსურს ვთქვა, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ დეცენტრალიზაციაზე, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის ახალი უფლებამოსილების გადაცემას ახალ და მეტ ფინანსურ რესურსთან ერთად. ამიტომ ამ პარადიგმაში სრულად თავსდება შემოთავაზებული კონცეფცია. რაც შეეხება ნიუანსებს, რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი საპარლამენტო განხილვა არ იქნება ერთადერთი და მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხებს, რომლებიც აქ წამოიჭრა, ჩვენ შესაბამის ფორმატში მივუბრუნდებით და, საბოლოოდ, პარლამენტს ექნება ჩამოყალიბებული, სრულფასოვანი პოზიცია და რეკომენდაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.