ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის საკითხებზე ექსპერტებს შეხვდა

967

დეცენტრალიზაციის საკითხები, ფორმები და სახეობები იყო მთავარი თემები შეხვედრისა, რომელიც დღეს, რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ექსპერტებთან გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით შედგა, რომელიც დეცენტრალიზაციის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვართ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც კონცეფციამ დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს. დღევანდელი შეხვედრა ექსპერტებთან ემსახურება სწორედ ამ მიზანს. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. ამ პროცესში ჩართული ვართ რამდენიმე სუბიექტი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე. ხედვა უკვე წარმოვადგინეთ, მაგრამ რას გულისხმობს შინაარსობრივად ეს ხედვა, დეტალებში, ჯერ საზოგადოებისთვის არ გვითქვამს. ამას ვიტყვით, მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტის ფორმას შეიძენს. პირველადი ხასიათის დოკუმენტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია. ეს არის სამუშაო, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესი“, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველადი დოკუმენტი, ჯერ კიდევ არ იქნება საბოლოო, რადგან მან უნდა გაიაროს საპარლამენტო და სახალხო განხილვის ფაზები. პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად არის ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.