თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 438 მიმდინარე 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი “Citycom – ამხანაგობის ელექტრონული საფულე” პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2500 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია დავით პირველაშვილის იდეა განიხილოს.
პროექტის ავტორი განმარტავს:-“სითიქომი საქართველოში აწარმოებს სპეციალურ ბარათის წამკითხველს რომელიც ლიფტში მონტაჟდება. შედეგად ამხანაგობას საშუალება ეძლევა ლიფტით მგზავრობიდან შემოსული თანხა პირად ანგარიშზე დააგროვოს. საბარათე სისტემის საშუალებით კორპუსს ფინანსური შემოსავალი უჩნდება, რომლის მეშვეობითაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ იზრუნონ საერთო საკუთრებაზე: მოაწესრიგონ ლიფტი, სადარბაზო, მოაწყონ ეზოს გამწვანება და დაფარონ სხვა ყოველთვიური ხარჯები.”
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა