თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 438 მიმდინარე 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი “კულტურა კვებავს ცხოველებს” პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2823 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია გიორგი ხავთასის იდეა განიხილოს.
პროექტის ავტორი განმარტავს:-“თბილისის ქუჩებში გვხვდება უამრავი ცხოველი , რომელსაც არ აქვს თავშესაფარი და ისინი ცხოვრობენ ღია ცის ქვეშ , ძირითადად იკვებებიან ნაგვის ურნებთან დაყრილი ნარჩენებით ან უკეთეს შემთხვევაში მოქალაქეები ცდილობენ გამოკვებონ ისინი სხვადასსხვა გზით, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა სამწუხაროდ. მოგეხსენებათ არსებობს დანადგარი , რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება , გამოიმუშავოს საკვები ე.წ უპატრონო ცხოველებისთვის , ეს არის დანადგარი, რომელშიც თუ ჩავყრით ნარჩენებს , მის ქვემოთ ჩამოიყრება სპეციალური ცხოველის საჭმელი და ასევე წყლის დალევის საშუალებაც ექნებათ მათ. იდეა არა მარტო ცხოველების გამოკვებას ემსახურება , არამედ ქალაქის დასუფთავებასაც შეუწყობს ხელს. მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია , არ დაანაგვიანონ თბილისის ქუჩები და ჩააგდონ ნარჩენები ასეთ დანადგარებში.”
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა.
პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.