თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 438 მიმდინარე 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი “ბოთლიყლაპია აპარატები საქართველოში” პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2542 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია კუკური ბარამიძის იდეა განიხილოს.
როგორც იდეის ავტორი, კუკური ბარამიძე განმარტავს: – “ბოთლიყლაპია აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში. ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობვლემას ერთდროულად აგვარებს: 1) დანაგვიანება – ბოთლიყლაპია აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ. 2) გაჭირვება – ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე. თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს.”
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.