თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 438 მიმდინარე 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი ვარდების მოედნის სახელდების ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2512 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია ნიკა ხარაიშვილის იდეა განიხილოს.
როგორც პროექტის ავტორი, ნიკა ხარაიშვილი განმარტავს: “2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდება. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაფუძნდა, შექმნა სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დამოუკიდებლობისთვის. როცა 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი კითხვით: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“, მას საქართველოს ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დაუჭირა მხარი. 1991 წლის 9 აპრილს, პატივი მიაგო რა 1989 წლის 9 აპრილს ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნება გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში და ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ვალია, სათანადო ადგილი დავუმკვიდროთ მას ეროვნულ მეხსიერებაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შემოვდივართ წინადადებით, თბილისში მდებარე „ვარდების მოედანს“ გადაერქვას სახელი და ეწოდოს პირველი რესპუბლიკის მოედანი.“
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.