ელენე ხოშტარია: სითი ინსტიტუტზე კალაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

842

თბილისის მერის კახა კალაძის მიერ სითი ინსტიტუთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპული საქართველოს წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ელენე ხოშტარია, დადებითად აფასებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“არავითარი კომპლექსი არ გვაქვს, რომ სწორს დავარქვათ სწორი და არასწორს – არასწორი, კახა კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ძალიან კარგია, რომ თბილისის მერმა გაითვალისწინა ოპოზიციის, საზოგადოების აზრი და პროცესი გააგრძელა.

“ჩვენი პროტესტის საგანი არ იყო ის, რომ რომელიმე მხარის ლობირება მომხდარიყო, არამედ დამოკიდებულება, რომ როცა მილიონები იხარჯება, ადამიანები ამდენს შრომობენ, არის დაპირება, რომ გენგეგმა იქნება, ასე ხელაღებით, რადიკალურად არ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილებების მიღება. მითუმეტეს, იმ შეურაცმყოფელი ფორმით, რაც შეხვედრებზე მოხდა. თუმცა, დღეს შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ სწორია, რომ არ იჩქარა და ამჯერად რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, სწორი დავალებები მიეცეს ამ ჯგუფს. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთან, ამიტომ ჯგუფს სწორი დავალებები უნდა მიეცეს, რომ ივნისში მსგავსი კრიზისი არ შეიქმნას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. დეპუტატის თქმით, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე საქმიანი თანამშრომლობისთვის მზად არის.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც კალაძემ თქვა, სითი ინსტიტუტი გენგეგმაზე მუშაობას გააგრძელებს და საბოლოო ვარიანტის წარმოსადგენად მას ვადა 1 ივნისამდე მისცა.