მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება

972

მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, გამომდინარე აქედან სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ჩიხში აშენდება ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრი. პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილია 152 000 ლარი, აქედან 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯება“, – აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.