საფეხბურთო კლუბ ”გორს” მერიამ 9 მოედანი გადასცა. მოედნები დღეს კლუბის დირექტორმა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა, მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსთან ერთად, დაათვალიერეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
,,მადლობას ვუხდი მერიას მოედნების გადმოცემისათვის, რადგან ამით მნიშვნელოვან პრობლემას აღმოვფხვრით ჩვენს საფეხბურთო სკოლაში, კერძოდ კი, აღარ იქნება სავარჯიშო მოედნების სიმცირე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოედნები არის ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ხელს შეუწყობს ფეხბურთით დაინტერესებას ახალგაზრდა თაობაში.” – განაცხადა ,,გორის” დირექტორმა გია ისიანმა.
მოედნებს საფეხბურთო კლუბის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებისათვის გამოიყენებენ.
საფეხბურთო კლუბ ,,გორის” ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი მამუკა ვარდოსანიძე ამბობს, რომ სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ უფასოდ ივარჯიშონ საფეხბურთო სკოლაში და არ გაიღონ ტრანსპორტირებისთვის ზედმეტი ხარჯი.