როგორ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში

1584

მოქალაქეთა ჩართულობის მაჩვენებელი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში კვლავ დაბალია. არსებული საკანონმდებლო ბაზა არ ქმნის მოსახლეობის ჩართულობის ეფექტურ მექანიზმებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან, მიზეზად კი, წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ უნდობლობას ასახელებენ. სტატიას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

,,მოსახლეობა მაშინ იაქტიურებდა, თუ ვიგრძნობდით, რომ ჩვენი ინიციატივები რამეს ნიშნავს. ყველაფერს ისე წყვეტენ, როგორც უნდათ. შეხვედრები არსად ქვეყნდება, რა უნდა გავიგოთ, როდის არის საკრებულოს სხდომა და რა საკითხზე? მოსახლეობას არაფერზე არ აწვდიან ინფორმაციას. როდესაც სოფლის პროგრამები იყო, მაშინაც კი არ მქონდა ინფორმაცია როდის მსჯელობდნენ სოფლის პრობლემებზე და სად იკრიბებოდნენ. ბიუჯეტის დაგეგმვაში და რომელიმე გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენს აზრს ვინ გაითვალისწინებს?“, – თქვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის მკვიდრმა, მარინა თულიანმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ მოქალაქეთა თანამონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი და მისი შეფასების მთავარი ინდიკატორია. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ ფლობს.

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ერთიანი პრინციპი, როგორ შეიძლება გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობა. ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების თანამონაწილეობის მიზანს წარმოადგენს მართვის პროცესში საზოგადოებრივი ინტერესის მაქსიმალურად გათვალისწინება. ქვეყნებში, სადაც დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, სამოქალაქო ჩართულობის წახალისება ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

,,ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა დონეზე არსებობს მრჩეველთა საბჭოები. ხალხს შესაძლებლობა აქვს, რომ 1 მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, საკითხი ევროკავშირის დღის წერსიგრში დააყენოწ. ერთი მხრივ, მოქალაქე უნდა დაინტერესდეს, გაიგოს რა კონკრეტული სარგებელის მომტანია მისი აქტიურობა ქალაქისთვის, სოფლისთვის. უნდა იცოდეს, როდის არის შეხვედრა, რა საკითხები განიხილება და სხვა. მეორე მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გრძნობდეს ანგარიშვალდებულებას, რომ ჩააბაროს ანგარიში მათ, ვის მიერაც ფინანსდება და იზრუნოს ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. ვფიქრობ, საჭიროა სამიზნე აუდიტორიის ანალიზი, შემდეგ უნდა განისაზღვროს ინფორმაციის მიწოდების, გავრცელების არხები. სიღრმისეული ანალიზია საჭირო როგორ დავაინტერესოთ და ჩავრთოთ ხალხი ამ პროცესებში“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანფდელაკი მიუთითებს, რომ თვითმმართველი ერთეულების დებულებებში მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმების გათვალისწინების მიუხედავად, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკაში არ გამოიყენება. პეტიცია, საკრებულოს გასვლითი სხდომა, საკრებულოში საკითხის საჯარო განხილვა, – ეს იმ მექანიზმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად არ მუშაობს. კანდელაკი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

,,უნდა არსებობდეს მოლაპარაკებების, ჯანსაღი დებატების და კონსენსუსის მიღწევის კულტურა. თვითმმართველობის ჩართულობა უნდა იყოს პროცესებში. ევროპის ქვეყნებში ყველა მხარის – მოქალაქეების, თვითმმართველობის წარმომადგენლების, ექსპერტების ჩართულობით მიიღება გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, სტრატეგიების შემუშავებაც ხდება განხილვებისა და კონსესუსის საფუძველზე. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. მაგალითად გერმანიაში, როცა გარკვეული საკითხია გადასაწყვეტი, წინასწარ გადიან კონსულტაციებს მოსახლეობასთნ, აწყობენ დისკუსიებს, გამოკითხვებს და შემდეგ იღებენ გადაწყევტილებას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყოველდღიურ კონსულტაციებს გადიან მოსახლეობასთან. რაც შეეხება პოლონეთს, დანერგეს თანამონაწილეობითი ბუჯეტირება. მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, რა ტიპის პროექტები განახორციელონ თავიანთ დასახლებაში. თვითმმართველობას გამოაქვს რამდენიმე პროექტი, რომელსაც მოქალაქეები ხმას აძლევენ. მმართველობები მოსახლეობისგან უკუკავშირს სხვადასხვა მეთოდით იღებენ. მუნიციპალიტეტები, ამავე დროს, სხვადასხვა საკითხზე ატარებენ რეფერენდუმს. ჩვენთან აკრძალულია ადგილობრივ დონეზე რეფერენდუმის ჩატარება. ეს არის დემოკრატიის პირდაპირი ფორმა. ვისურვებდი, რომ საქართველოში მსგავსი პრაქტიკა დაინერგოს“, – ამბობს კოტე კანდელაკი.