კვლევა: სამეგრელოში თვითმმართველობების მიმართ მოქალაქეთა ნდობამ იკლო

695

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეი სი თის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ მოქალაქეთა ნდობის მაჩვენებელმა იკლო.
კვლევის პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის მერიის დარბაზში გაიმართა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

„სამეგრელოში თუ 2013 წელს 10 -დან 8 ადამიანი უცხადებდა ნდობას ადგილობრივ თვითმმართველობას, უკვე 7 ადამიანი არის კმაყოფილი თვითმმართველობის მუშაობით“, – განაცხადა ანალიზის და კონსულტაციის ჯგუფის „ეი სი თი“ პროექტის მენეჯერმა კესო ესებუამ.

მისივე თქმით, ასევე შემცირდა ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებისადმი მოქალაქეთა მიმართვიანობა.

ასევე, კვლევის მიხედვით, სამეგრელოში პეტიციის შედგენის წესზე მოქალაქეთა 14 % პროცენტია ინფორმირებული, რაც კესო ესებუას განცხადებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თენგიზ შანავას განცხადებით, თვითთმართველობის ორგანოების მუშაობაზე კვლევის შედეგების განხილვისას, სასურველი იქნებოდა, თუ ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების მუშაობას ცალცალკე გამოიკვლევდა.

კვლევა ასევე ეხება კომუნალური, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების, ჯანდაცვის სერვისების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას. საზოგადოებრივი მომსახურებების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა 2017 წელს მესამედ განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, რომლის მიზანია თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში.

კვლევის ფარგლებში სამეგრელოში 300 მოქალაქე გამოიკითხა.