მძღოლებმა, რომელთა პარკირების ბარათსაც ვადა გასდის, კვლავ სიტი პარკის ბარათი უნდა იყიდონ

705

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებით, ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ „სიtი პარკის“ ბარათი უნდა შეიძინოს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტომფლობელებმა, რომლებსაც ჯარიმები უკვე დარიცხული აქვთ, საჯარიმო თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, ან – გაასაჩივრონ.

„ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ „სიtი პარკის“ ბარათი უნდა შეიძინოს. ეს ბარათები იმოქმედებს შემდგომი ვადის გასვლამდე. ხოლო მათ, ვისაც უკვე ჯარიმები აქვთ დარიცხული, 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ, ან ჯარიმა გადაიხადონ. თუ 10 დღის ვადაში არ გაასაჩივრებენ ჯარიმას, კანონის მიხედვით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს განხილვის უფლება არ აქვს“, – განაცხადეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.