საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ფოთში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
საკრებულოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე, პროექტის დეტალებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს.
თავმჯდომარემ ფოთსა და ოსტამარს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2007 წლიდან შვედეთის სამეფოს ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტსა და SIDA -ს მხარდაჭერით ქალაქ ფოთში არაერთი პროექტი განხორციელდა წარმატებით. ბევრი რამ გაკეთდა ქალაქისთვის მათი ხელშეწყობითა და დახმარებით და ბევრ სასიკეთოს ელოდება მომავალშიც.
შეხვედრაზე, როგორც უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს, ირაკლი კაკულიას ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განვითარებაზე პოზიტიური მიდგომა აქვს, რამაც გარკვეულწილად ჩაუყარა საფუძველი ამ ახალ პროექტს, რომლის განხორციელებისთვისაც შედგა ვიზიტი საქართველოში.
პროექტი შეეხება სოციალური და ჯანდაცვის თემებს, ორწლიანი პარტნიორული პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოხდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება ფოთში და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით სოციალურ მუშაკთა გადამზადება და დატრენინგება.
შეხვედრის დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს შვედ სტუმრებს საქართველოში ვიზიტის გამო და აღნიშნეს, რომ მეგობარი ქალაქის მიერ მომზადებული ყველა პროექტი, რაც განხორციელებულა და სამომავლოდ უნდა შედგეს ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს და შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და პარტნიორობა ფოთისთვის ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანია.