სექტემბრიდან მთავრობა ინტერნეტის ვაუჩერების გაცემას იწყებს

1340

2018 წლის სექტემბრიდან მთავრობა ინტერნეტის ინსტალაციის ვაუჩერების გაცემას იწყებს. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ კოორდინატორმა თორნიკე ჯობავამ თქვა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

პროგრამა ორ სამიზნე ჯგუფზე გავრცელდება: ადგილობრივ მეწარმეები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. როგორც თორნიკე ჯობავა ამბობს, ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 60 000-ია.

ჯობავას თქმით, მომხმარებლები ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველა ინტერნეტსერვის პროვაიდერი, ვისაც სურვილი აქვს პროგრამაში ჩაერთოს,უნდა დარეგისტრირდეს, განათავსოს შეთავაზება იმაზე თუ რა ტერიტორიას ფარავს და შესაბამისად, თავისი პაკეტი მიუთითოს. ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება ექნება, საიტის მეშვეობით აირჩიოს მისთვის მისაღები პროვაიდერი, დაუკავშირდეს მას და პირველადი ინსტალაციის მომსახურება უფასოდ მიიღოს.

როგორც ჯობავა აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში პროექტი საპილოტე იქნება და ვაუჩერებს მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ, რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ფართოზოლოვან ინტერნეტს მინიმალური 2 მეგაბიტი/წამში სიჩქარიდან მიიღებენ.

ჯობავას განცხადებით, პირველ ეტაპზე დაიფარება 1000 მეწარმე (შიდა ქართლში,ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სამაგრელოში) და 5 000 ოჯახი. რაც შეეხება ოჯახებს, ჯობავას განცხადებით, გადათამაშედება სხვა რეგიონები და ეს ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 2016 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პარალელურად დაანონსდა პროგრამა, რომელიც 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემოდა. ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდებოდა, მეორე ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი უნდა ყოფილიყო.

პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 20 მილიონი ლარის სესხი გამოყო.