ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ წევრის, კობა ლურსმანაშვილის ორგანიზებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა წარმოადგენდა. ზაზა გაბუნიამ სტუდენტებს კომიტეტის სამუშაო გეგმა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარე „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს ფისკალური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და 2018 წელს დაგეგმილი რეფორმის ის სამი მიმართულება გააცნო, რომელთა სრულყოფაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთობლივად მუშაობს.
კომიტეტის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის პროცესს „კარგი მმართველობის“ მოდელი უწოდა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნისთვის ნომერ მეორე მნიშვნელობის ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს.
„თვითმმართველობას არ ჰყავს უფროსი, იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს კომიტეტი, რომელიც იღებს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად უნდა მოაწესრიგოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხები. ამიტომ თვითმმართველობა უნდა იყოს თვითკმარი, რისთვისაც საჭიროა დამატებითი უფლებები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია – მაგალითად, სკოლების მართვის სარეაბილიტაციო და სამეურნეო საკითხები უკვე მუნიციპალიტეტების საქმე იქნება“ – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
დეპუტატმა სტუდენტებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, მათი ინიციატივების გენერირება შესთავაზა. მსგავსი შეხვედრების გაგრძელების სურვილი გამოთქვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამაც.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ზაზა გაბუნიამ და კომიტეტის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს და ახლო მომავალში კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.