გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კუჭავას თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დადებს დასკვნას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორც მერიის, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად.
“კომიტეტის ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება საკომიტეტო მოკვლევას, არის სიახლე და ეფექტური გზა, რათა განვახორციელოთ ეფექტური ზედამხედველობის ფუნქცია. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც მუშაობას ვიწყებთ, არის თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა საპარლამენტო პარტია. ჯგუფი შეიკრიბება რეგულარულად და მას შემდეგ რაც დასრულდება პოზიციების გაცნობა, გაიმართება მოსმენები, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების. განხორციელდება ძალიან მკაცრი ზედამხედველობის განხორციელება იმ დირექტივების შესრულებაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს. ყველა პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე სოციალური ქსელების და ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით. წინადადებების მიღება ხვალიდან დაიწყება“, – განაცხადა კუჭავამ.
დეპუტატი ყველა დაინტერესებულ პირს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ჰაერის დაბინძურების კონტექსტში კუჭავა გამოეხმაურა აუდიტის დასკვნას, რომლის თანახმად 2016 წელს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ძალიან ცოტა მუნიციპალურ ტრანსპორტს აქვს გავლილი.
“ეს არის საკითხი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ იქნება განხილული. შემუშავდება რეკომენდაციები, რომელსაც განიხილავს კომიტეტი და დადებს დასკვნას. თუ გასამკაცრებელი იქნება რეგულაციები, ასეც მოხდება და რაც ყველაზე მთავარია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების დაკვეთაზე, რომელსაც მივიღებთ. ტრანსპორტის მიმართულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შემოიყვანს მერია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს და ა.შ.“, – განაცხადა კუჭავამ.