დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა. ინფორმაციას “Europa Nostra” ავრცელებს.
ჰააგა/ლუქსემბურგი, 2018 წლის 15 მარტი – კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები დაასახელა: პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში, ალბანეთი; ვენის ისტორიული ცენტრი, ავსტრია; ბუზლუჟას მონუმენტი, ბულგარეთი; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო; კონსტანტას კაზინო, რუმინეთი; პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები, თურქეთი და გრიმსბის ყინულის ქარხანა, გაერთიანებული სამეფო.
ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ეს სამკაულები განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში არიან – ზოგ შემთხვევაში ადამიანების დაუდევრობისა და არასათანადო მოპყრობის, ხოლო ზოგან კი ექსპერტიზის, რესურსებისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო. მომდევნო თვეების განმავლობაში ევროპა ნოსტრასა და ევროპის საინვესიტიციო ბანკის ინსიტიტუტის ექსპერტები, სხვა პარტნიორებთან და ნომინატორებთან ერთად ესტუმრებიან შერჩეულ 7 ძეგლს და ადგილზე შეხვდებიან მათი გადარჩენისა და განვითარებაში ჩართულ ორგანიზაციებსა და მხარეებს. მულტიდისციპლინარული გუნდი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას, მოახდენს დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ამ ღირსშესანიშნავი ძეგლების გადასარჩენად, ხოლო სპეციალისტები წლის ბოლომდე ჩამოაყალიბებენ გონივრულ სამოქმედო გეგმებს.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ახალი სია გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის ფარგლებში, რომელიც აღიარებს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ევროპულ, ნაციონალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე და ემსახურება ევროპის მოქალაქეების წახალისებას აღმოაჩინონ და ჩაერთონ კულტურულ მემკვიდრეობის გადარჩენის და განვითარევის საკითხებში.
ევროპა ნოსტრას პრეზიდენტმა, მაესტრო პლასიდო დომინგომ განაცხადა: „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ეს უახლესი სია შეიცავს ევროპის კულტურული მემკვიდრების იშვიათ საგანძურს, რომელიც დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. ადგილობრივი თემი მოწადინებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ეს მნიშვნელოვანი ძეგლები, თუმცა ამისათვის საჭიროა უფრო ფართო, ევროპული მხარდაჭერა. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულსა და ევროპულ საჯარო თუ კერძო პარტნიორებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ ძეგლების უსაფრთხო მომავალი.“
2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი შეირჩა ევროპა ნოსტრას საბჭოს მიერ იმ 12 ძეგლიდან, რომლებიც ისტორიკოსების, არქეოლოგების, არქიტექტორების, ძეგლთა დამცველების, პროექტის ანალიტიკოსებისა და ფინანსისტების პანელმა შეარჩია. ნომინაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოებამ და საჯარო დაწესებულებებმა, რომლებიც შეადგენენ ევროპა ნოსტრას წევრებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ევროპის მასშტაბით.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა პირველად ჩატარდა 2013 წლის იანვარში ევროპა ნოსტრას მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან, როგორც თანადამაარსებელთან და ევროპის განვითარების ბანკის საბჭოსთან, როგორც მონაწილე პარტნიორთან თანამშრომლობი. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა არ ემსახურება დაფინანსებას. მისი მიზანია იყოს ქმედების კატალიზატორი და გააძლიეროს „მაგალითის ძალის“ მნიშვნელობა.