თბილისის საკრებულოში სამთვიანი ანგარიშის წარდგენისას თბილისის ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქში 13 ბაღი შენდება, სექტემბრიდან კი თბილისში 10 ბაღი ექსპლუატაციაში უკვე შევა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოებაა. ეს არის მულტისექტორული თემა, რომელიც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა შენობების ინფრასტრუქტურული, კონსტრუქციული მდგრადობა, “ყაზტრანსგაზის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება, სახანძრო უსაფრთხოება, სათამაშო მოედნების უსაფრთხოება, ვიდეო მონიტორინგის გაძლიერება და ჰიგიენისა და კვების კუთხით მონიტორინგის გააქტიურება“, – განაცხადა გვანცელაძემ.
როგორც კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, სააგენტომ კონკრეტული ნაბიჯები ინკლუზიური განათლების კუთხითაც გადადგა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც კონკრეტულ სასწავლო და ინდივიდუალურ გეგმებს შეიმუშავებს.
გვანცელაძემ ასევე თქვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს რეფორმაზე, რის შედეგადაც თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო უფრო მეტად კონსალტინგზე იქნება ორიენტირებული და ბაგა–ბაღების თანამშრომლები საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებენ.