ფხვენისის, ქვემო ხვითისა და ორთაშენის საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემები დამონტაჟდება

1304

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფხვენისში, ქვემო ხვითსა და ორთაშენში საბავშვო ბაღები ოფიციალურად გარემონტებულია, მაგრამ არ ფუნქციონირებს. მათ საზეიმო ვითარებაში გახსნას გორის გამგებელი დავით ონიაშვილი 2017 წელში აპირებდა. თუმცა, ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მშობლების ნაწილმა ამის საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

მოსახლეობა ამბობდა, რომ ვიდრე შენობებში გათბობა არ იქნებოდა, ბავშვების იქ წაყვანას არ აპირებდნენ. იმ პერიოდში გამგებელი დავით ონიაშვილი ოპოზიციაში, ,,შენების მოძრაობაში” იყო გადასული. მისმა მეტოქემ მმართველი გუნდიდან კოტე თავზარაშვილმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ბაღებში გათბობას მერად მისი არჩევის შემდეგ დაამონტაჟებდნენ.

წინასაარჩევნო კამპანიიდან 5 თვის შემდეგ, გორის მერიამ სამივე საბავშვო ბაღის გათბობის სისტემების მონტაჟისთვის თანხა გამოყო. ტენდერის მიხედვით, დაახლოებით 67 ათასი ლარით, აღნიშნული სისტემა სამივე ბაღში მაისამდე მოეწყობა.