იმერეთის რეგიონში ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს აგრძელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ქუთაისსა და წყალტუბოში, ვანსა და ბაღდათში კი საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე მუშავდება ხონის, სამტრედიის, თერჯოლისა და ზესტაფონის მონაცემები. საველე სამუშაოები ასევე დაგეგმილია ხარაგაულში, ტყიბულში, ჭიათურასა და საჩხერეში. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს.
ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტ კომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.