ძაღლების დასაჭერად გორში სპეციალური ფორმით და აღჭურვილობით პირები გამოჩნდებიან

851

გორის საკრებულოს წევრები დღეს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის დირექტორს თამარ აფციაურს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქალაქ გორში მიუსაფარი ძაღლებისგან მოქალაქეების დაკბენის შემთხვევებს და მისი აღმოფხვრის მიზნით, თავშესაფრის თანამშრომლების მხრიდან გაწეულ მუშაობას. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი საკრებულოში, მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ თავშესაფრის მუშაობით მას შემდეგ იქნება კმაყოფილი, როდესაც მოსახლეობა იქნება კმაყოფილი: “ქალბატონმა თამარმა წარმოადგინა თავისი შეხედულებები, ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს და, ასევე, ისაუბრა იმაზეც, რა ხელისშემშლელი ფაქტორები ახლავს. ეს, პირველ რიგში, ეხება ძაღლების მიგრაციას”, – აცხადებს მიშა გოგინაშვილი.

მისი განმარტებით, თავშესაფარს არა აქვს ლაბორატორია, სადაც, მაგალითად, აგრესიულ ძაღლებს დააძინებენ.

“გვითხრა, რომ ყოველდღიურად 5-6 ძაღლს უტარებენ ოპერაციას – სტრელიზაციას და კასტრაციას. არის ისეთი ძაღლები, რომლებიც ამ ოპერაციის შემდეგ მაინც აგრესიულები რჩებიან. ამიტომ, კინოლოგების შეფასებით, ასეთი ძაღლები უნდა დააძინონ. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა თავშესაფარმა მოაწყოს ლაბორატორია, სადაც კინოლოგი ეყოლებათ და ძაღლების დაძინებას გადაწყვეტენ. ჩვენ ამ კუთხით მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ხარჯთაღრიცხვაც წარმოადგინა, თუ, სავარაუდოდ, რა დაჯდება ასეთი ლაბორატორიის მოწყობა. ჩვენ სხვა გეგმებიც გვაქვს, რაც გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ ის, რაც უახლოესი დღეების განმავლობაშია გასაკეთებელი, იმაზეც ვისაუბრეთ,” – ამბობს მიშა გოგინაშვილი.

კერძოდ, მალე გორის თავშესაფრის თანამშრომლები სპეციალური ფორმებით, მანქანით და ხელსაწყოებით ივლიან ქალაქში და აგრესიული ძაღლების დაჭერას დაიწყებენ.

მიშა გოგინაშვილი აცხადებს, რომ საკრებულო რეგულაციების თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

თამარ აფციაურმა აღნიშნა, რომ ქალაქ გორში ძაღლების მიგრაცია გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში, იმით, რომ სხვადასხვა სოფლებიდან ძაღლებს ქალაქში უშვებენ, განსაკუთრებით, ეს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეხება. ძაღლების დიდი რაოდენობის გამო, ყველა მათგანის მოთავსება თავშესაფარში ვერ ხერხდება.