ექსპერტები ასოცირების ხელშეკრულების დადებით მხარეებზე და შესაძლებლობებზე, საზოგადოების და თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირების დაბალ დონეზე საუბრობენ და მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამის შესახებ “კახეთის ხმა” წერს.
სპეციალისტების განმარტებით, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმ სიკეთეებს და შესაძლებლობებს, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულება სთავაზობს, ვერ იყენებენ.
ექსპერტი კოტე კანდელაკი განმარტავს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავი რეგიონულ განვითარებას გულისხმობს, რაც ადგილობრივი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტად არის მიჩნეული და მიზნად ისახავს მრავალდონიანი მმართველობის გაძლიერებას, პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის პარტნიორობის კონსოლიდაციას და თანადაფინანსებას, პროცესში ჩართული სუბიექტების მიერ ფინანსური წვლილის შეტანის გზით.
„აუცილებელია არასამთავრობოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, რას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების 21-ე თავი. თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე თელავში გამართულ შეხვედრაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, ასევე შევეხეთ თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივებს საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია, რაზეც ინტერესი დიდია, განსაკუთრებით თელავში. გაყოფილი მუნიციპალიტეტის გაერთიანების თემა დღესაც აქტულურია და ამ შემთხვევაში ყველას აინტერესებს, როგორ შეძლებს თვითმმართველობა იმ გამოწვევების წინაშე გამკლავებას, რომლის წინაშეც დღეს დგას“, – თქვა კოტე კანდელაკმა.
კოტე კანდელაკის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის განხორციელების გაზრდის მიზნით, საჯარო მოხელეების გადამზადების პარალელურად, აუცილებელია თვითმმართველი ერთეულების ფინანსური დამოუკიდებლობა.
„მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება მმართველობის დონე. მთავარია. თვითმმართველობას ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები, რომელსაც სურილისამებრ ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე დახარჯავს. სწორედ ამას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება, რომლის შესახებაც ინფორმაციას თვითმმართველობებში ნაკლებად ფლობენ“, – ამბობს კოტე კანდელაკი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.
,,სემინარი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ეხებოდა, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრს ვფიქრობ, როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა კუთხით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, რომ აქტიურები არ ვართ და საჭიროა ამ მიმართულებით მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მე სემინარზე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა გადაიდგმება ნაბიჯები საზოგადოების გააქტიურებისკენ“, -განუცხადა knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნადიკვარი-მეგობრობა განვითარებისათვის’’ ხელმძღვანელმა ნანა გარჯიკაულმა.
,,მივესალმები ასეთ შეხვედრებს, სასიამოვნოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართულები არიან საინფორმაციო ხასიათის სემინარში. საკმაოდ საინტრესო იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. მნიშვნელოვანია, როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მოისმენ და შეადარებ, ან საქმიანობაში გადმოიტან და დანერგავ. ასეთი შეხვედრები სწორედ ამაში გვეხმარება’’,- თქვა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა ვალერი გრემელაშვილმა.
შეხვედრა ჩატარდა „მედია ცენტრი კახეთის“ კახეთის რეგიონული ჰაბის მიერ პროექტის „რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომლის მიზანია ადგილობრივი აქტორების ჩართულობის გაზრდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ, რეგიონული განვითარების, მრავალდონიანი მმართველობისა და თვითმმართველობის საკითხების გააზრებული და ინტენსიური მიწოდება, რათა მათ შეძლონ საკუთარი პიროვნული უნარებისა და აქტივობის გაზრდა და ამ გზით დადებითი ზეგავლენა მოახდინონ რეგიონულ ცვლილებებში.