სამეგრელოში ახალი მრავალმილიონიანი ტურისტული მარშრუტის – „ტობას” ინვესტორებისთვის შეთავაზება გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაადასტურეს. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნულ პროექტს ინვესტრობს მას შემდეგ შესთავაზებენ, რაც ადგილზე კომუნიკაციები მოეწყობა. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის დაგეგმილია გზის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაზეც ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
საუბარია, მუხურიდან ტობამდე მისასვლელი, 6–კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე. ასევე დაგეგმილია საბაგირო გზის მშენებლობაც. მათი ინფორმაციით, გზის მშენებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
მომზადებულია კონცეფცია, თუმცა, რა დაჯდება აღნიშნული ტურისტული მარშრუტის განვითარება, ამაზე გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ვერ საუბრობენ.
სამეგრელოს მაღალმთიანეთში ტობას განვითარების გეგმა დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. გეგმის თანახმად, ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე დამთავრდება, სადაც ტურისტს მყინვარული წარმოშობის 7 ტბის მონახულების შესაძლებლობა ექნება. ტობას განვითარების კონცეფციის ავტორი საქართველოს სპელეოკავშირის წევრი, ფოტოგრაფი რომან თოლორდავაა.
განვითარების გეგმა ხუთ ტობას მოიცავს (დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, კალაშიშ ტობა, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი და ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი), ასევე შესაძლებელია დაემატოს 2 ტობა.