თელავის თეატრში რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის შესახებ ინფორმაცია კახეთის გუბერნატორმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა წარადგინეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ღონისძიებას კახეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული კომპანიების, სასტუმროების და ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“იზრდება კახეთის ეკონომიკური პოტენციალი, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე მეღვინეობის კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის მზარდი პოტენციალი. ეს სააგენტო კახეთისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ინვესტორს, ვინც ჩამოდის კახეთში და ვისაც უნდა კახეთში სოფლის მეურნეობაში და ტურიზმში თანხის ჩადება, ამ სააგენტოს საშუალებით მიეწოდება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობები და საშუალებებია. ეს სააგენტო შუამავალია ყველა იმ თვითმმართველ სახელმწიფო ორგანოსთან, რომელმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ინვესტიციის განხორციელებისთვის”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.