მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 6კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში მდებარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია. ამ გზით როგორც ადილობრივი, ასევე საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება, რის გამოც აღნიშნულ გზაზე მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზარდა.
პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, ახალი წყალგამტარი მილების, გაბიონების, საყრდენი კედლების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობას. ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მოხდება გზის შემოფარგვლა და რეაბილიტირებული მონაკვეთი ახალი საგზაო ნიშნებით აღიჭურვება.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 6 336 902 ლარია. სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და 2018 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.