გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გასაყიდი ობიექტის პირველადი შესატანი საგარანტიო თანხა 30% ხდება

573

საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ობიექტების შესყიდვისას პირველადი შესატანი საგარანტიო თანხა 30 % ხდება. დადგენილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობამ ოპოზიციის შენიშვნების მიუხედავად, მაინც დაამტკიცა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

ფრაქცია ,,ევროპული შენების“ წარმომადგენელმა ბადრი ნანეტაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ საერთო თანხის, წინასწარ შესატანი 30% ზედმეტად ბევრია და მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი 10%-მდე დაეწიათ.

თუმცა წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობამ შენიშვნა არ გაითვალისწინა და საკითხს მხარი დაუჭირა. სხდომას მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსიც ესწრებოდა. გია პაპიტაშვილმა, ნანეტაშვილის რეპლიკის პასუხად განაცხადა, რომ საზოგადოებას ნერვიულობის მიზეზი არ აქვს, რადგან წინასწარ შეტანილი თანხა არ იკარგება. პაპიტაშვილის თქმით, პროექტში განსაზღვრული მაჩვენებელი, დაინტერესებულ ადამიანს აუქციონისთვის უკეთესად მომზადების საშუალებას მისცემს.