ნაციონალებმა არასამთავრობოებს საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილებაში ხელის შეშლის ფაქტები გააცნეს

555

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკრებულოში დეპუტატების უფლებამოსილებაში ხელის შეშლის ფაქტები გააცნეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, თბილისის მთავრობის წევრები მათი ფრაქციის სხდომებზე არ მიდიან. საკრებულოს დეპუტატებს მთავრობის სხდომებზე სათათბირო ხმის უფლება ჩამორთმეული აქვთ. საკრებულოს სხდომის საკითხებისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია მათ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე ეძლევათ და სხვა.

შეხვედრაზე, ფრაქციის წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს რეგლამენტით თბილისის მერს აქვს ვალდებულება წელიწადში ერთხელ ანგარიშით წარდგეს საკრებულოს წინაშე. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნულ რეგლამენტში ცვლილების შეტანა უნდათ, თუმცა რა ფორმით, ეს მისთვის უცნობია. დათუკიშვილმა შეხვედრაზე მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა, ჩაერთონ საკრებულოს რეგლამენტის შემუშავების პროცესში, ან თუნდაც განახორციელონ მასზე მონიტორინგის პროცესი.

შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც საუბარია ევროპული ქარტიით, საქართველოს კონსტიტუციით და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ თვითმმართველობის ორგანოების წევრების უფლებამოსილების შესახებ.