“ახალგაზრდა ადვოკატები”: “სინოჰიდრო” გზებს უკანონოდ აშენებს

576

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში აღმოჩენილი ახალი დარღვევების თაობაზე მორიგ სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კვ.11+500-კმ.30+000 (ლოტი II) მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, უკანონოდ მიმდინარეობს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა შემრულებელმა კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ნებართვების მიღების გარეშე შეცვალა. თავდაპირველად, პროექტიც განისაზღვრა, რომ ვინაიდან ტერიტორია წარმოადგენდა ჭაობიან ადგილს, გზა აშენდებოდა ბეტონის ხიმინჯებზე.

ორგანიზაციის ცნობით, კომპანიამ პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დამონტაჟდა, თუმცა ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო. ამჟამად, მივიღეთ შედეგი, როდესაც სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტის მშენებლობა სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს. მოკვლევამ უკვე აჩვენა, რომ პროექტზე განსაზღვრულ 254 მილიონი ლარიდან, დახარჯულია 150 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, პროექტში თავის დროზე განხორციელებული ცვლილების სამართლებრივი საფუძვლების შექმნისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხოლოდ 2018 წელის 18 იანვარს მიმართა, რაც კანონის უკიდურესი დარღვევაა.