აფბა: მთავრობამ გზების მშენებლობიდან 32 მილიონის ეკონომიაზე განცხადება უნდა გააკეთოს

620

წინა სტატია

საგზაო დეპარტამენტის საქმიანობისა და მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების კვლევის ფარგლებში, აფბას ანალიტიკოსებმა აქამდე გაუხმაურებელი ფაქტების მოპოვება შეძლეს. გზების დეპარტამენტის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე მაგისტრალის მე-2 ლოტზე საქართველოს ხელისუფლებამ 32,4 მილიონი ლარი დაზოგა.

აფბას ცნობით, ამ მაგისტრალის მშენებლობის დასაწყისში და სამუშაო პროცესში უხეშად მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ეკონომიკის მინისტრის შესაბამისი ბრძანების დარღვევა.

“მშენებლობა, ფაქტობრივად, უნებართვო და უკანონო სტატუსს ატარებს. ჩინური კომპანიების “სინოჰოდრო”-სა და “რკინიგზა 23”-ის სამშენებლო ლოტებზე ჩატეხილია ან წყალში იძირება ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები, რაც არაერთგზის დავადასტურეთ ვიდეო და ფოტო მასალების გამოქვეყნებით.

ჩინური კომპანიების მიერ გზების პროექტის უნებართვო ცვლილების გამო, რომელსაც არც სამხარაულის ექსპერტიზა გაუვლია და არც ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში წარუდგენიათ გზების დეპარტამენტის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება, საფრთხის ქვეშ დგას საერთაშორისო მაგისტრალის დროულად და ხარისხიანად დასრულების საკითხი.

ამასთან, ჩვენ გაკვირვებას და გონივრულ ეჭვებს იწვევს ის ფაქტი, რომ პროექტის ცვლილების შემდეგ, 2016 წლიდან დღემდე, გზების დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროექტის წარდგენისას და შემდგომშიც, მედიასთან საუბრისას, ოფიციალურ პრეს-რელიზებში თუ ვიდეო სიუჟეტებში ასახელებენ სატენდერო ფასებს და არა შეცვლილი, ანუ რეალურად განხორცილების პროცესში მყოფი პროექტის ფასს.

ჩვენი სიტყვების დასადასტურებლად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 ლოტის პროექტზე საუბრისას, რომელსაც ჩინური კომპანია “სინოჰიდრო” აშენებს, ყველა ოფიციალურ განცხადებაში ფიგურირებს თანხა 253 მილიონი ლარი. არადა, სხვაობამ თავდაპირველ და ამჟამინდელ პროექტს შორის 32,4 მილიონი ლარი შეადგინა და ამ მონაკვეთის მშენებლობა თურმე 220 მილიონი ლარი ჯდება.

ამიტომ გაუგებარია, თუ რატომ არ გაცხადდა ეს ფაქტი და რატომ დაიმალა, ან მიიჩქმალა 32 მილიონიანი ეკონომია. მივმართავთ, ეკონომიკის მინისტრს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობის დანაზოგის შესახებ და განუმარტოს მოსახლეობას სად და როგორ დაიხარჯება ევროპის საინვესტიციო ბანკიდან კრედიტად აღებული მრავალი ათეული მილიონი ლარი”, – წერია აფბას განცხადებაში