ოზურგეთის საბავშვო ბაღები ა(ა)იპ-ებად დარეგისტრირდებიან

2047

ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ოზურგეთის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

მისი თქმით, ხელფასების გაზრდისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 400 ათასი ლარი გამოიყოფა.

“პირველ ეტაპზე მოხდება პედაგოგთა და სხვა კატეგორიის თანამშრომელთა ხელფასების გათანაბრება ქალაქისა და სოფლების ბაღებს შორის. რადგან ერთნაირ მომსახურებას ახორციელებენ.  მოგეხსენებათ მათ სახელფასო სარგოებს შორის იყო სხვაობა, ამიტომ, ქალაქისა და სოფლის ბაღები ახლა ამ კუთხით ჩადგება თანაბარ პირობებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქის ბაღებს არ შეეხება ეს ცვლილება, აქაც მოხდება, რა თქმა უნდა, მატება. მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანები შრომობენ ძალიან ბევრს, აქვთ დიდი პასუხისმგებლობა და ისინი არ უნდა მუშაობდნენ ასეთ მიზერულ, ფაქტობრივად სამარცხვინო ხელფასებზე.

მაგრამ, ჯერ უნდა მოხდეს საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია. იცით, რომ მოხდა გაერთიანება და პირველ ეტაპზე დაჩქარებული წესით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ბაღები იქნებიან ასევე ცალკე ა(ა)იპები და ყველა ამ ა(ა)იპს მოემსახურება გაერთიანება, ბაღების ცენტრი. ასევე იგეგმება აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა, დაიწყება მონიტორინგი, თუ რამდენად შეესაბამება ნებისმიერი სკოლამდელი დაწესებულება სათანადო სტანდარტებს , გამოცხადდება ასევე ღია კონკურსები პედაგოგებისა და დამხმარეებისთვის. მაგრამ, ეს ყველაფერი ერთ წელში ვერ მოესწრება რა თქმა უნდა.

ამ ეტაპზე ზუსტად ვერც იმას  გეტყვით რამდენი ლარით გაიზრდება ანაზღაურება, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მომდევნო წელს ამ ხალხის ანაზღაურება მივიყვანოთ იმ რაოდენობამდე, რომ ისინი თავს არ გრძნობდნენ შეურაცხყოფილად”-აღნიშნა გია მამაკაიშვილმა.