ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ღირებულების 80%-ს დააფინანსებს. სასაკლაოზე საქონლის დაკვლის საფასური, საკლავის წონის მიხედვით დაიანგარიშება და 1 კილოგრამზე 45 თეთრია. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.
ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ „ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო. ამ მომსახურებას მერია ელექტრონულად შეისყიდის და ხელშეკრულებას მხოლოდ იმ კომპანიასთან გააფორმებს, რომელსაც სასაკლაოს მოძრავი დანადგარი ექნება. სოფელში მცხოვრებ ფერმერს კი, საქონლის სასაკლაომდე გადაყვანა აღარ მოუხდება.
„საქონლის სასაკლაოზე დაკვლის შემთხვევაში ღირებულების 80%-ს მერია გადაიხდის, დანარჩენ 20%-ს კი – ფერმერი. ამ მომსახურებით ხულოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს, რომელსაც სურვილი ექნება თავისი პირუტყვი ლეგალურ სასაკლაოზე დაკლას, პროგრამა 10-15 დღეში ამოქმედდება”, – ამბობს ბოლქვაძე.
ხულოს მერიის გათვლებით, თანადაფინანსებით, 70 000 ლარით, მთლიანობაში, 184 210 კილოგრამი საქონელი უნდა დაიკლას.