ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების ახალი პლატფორმის – www.DataLab.ge პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულების საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ბაზების გაცნობა და გამოყენება ამიერიდან საზოგადოებას ონლაინრეჟიმში შეეძლება. ბაზები საჯარო პოლიტიკისა და ფინანსების საკითხებს მოიცავს.
ღონისძიებას საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პლატფორმა შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გახსნეს.
საჯარო სექტორის მონაცემები საზოგადოებისთვის ინფორმაციის უდიდესი წყაროა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენი პლატფორმა – www.DataLab.ge, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ღია მონაცემთა ბაზების დამუშავების და საზოგადოებისთვის მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.
თავის მხრივ, IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი დამსწრე საზოგადოებას პორტალ www.DataLab.ge-ის ფუნქციონალური და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა.
პორტალზე განთავსებულია IDFI-ის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზები 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან. მონაცემთა ბაზები პორტალის მომხმარებლისთვის წარმოდგენილია ღია, დამუშავებად ფორმატში (ექსელი და CSV).