“ის ჯობდა, გამგებლად როგორც კი დავინიშნე, შავი “ტოიოტას” 90-ათასიანი ჯიპი შემეძინა, როგორ სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდა?” – ასე ეხმიანება ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი ზაზა ურუშაძე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომლის თანახმადაც, საკუთარი და მამის ავტომობილები გამგეობისთვის ჰქონდა მიქირავებული. ურუშაძემ კომენტარი „გურია თუდეისთან“ გააკეთა.
“ბოლო დღეებია, საინფორმაციო საშუალებებში ქვეყნდება ინფორმაცია, თითქოს გამგებლობის პერიოდში კანონდარღვევით ვსარგებლობდი საკუთარი და მამაჩემის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილით. ზოგიერთი მედიასაშუალებით მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით. რეალობა სულ სხვანაირია. 2013 წლის თებერვალში, როდესაც დავინიშნე მუნიციპალიტეტის გამგებლად, მემსახურებოდა ავტომობილი, რომელიც ფაქტიურად ამორტიზირებული და გამოუსადეგარი იყო. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტს საშუალება არ ჰქონდა ახალი მანქანის შესაძენად, კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, 1997 წელს გამოშვებული ჩემ საკუთრებაში არსებული „ფოლკსვაგენ პასატით“ მესარგებლა. სამი წლის შემდეგ მანქანის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ დიდ მანძილზე მისი სარგებლობა რისკებთან იყო დაკავშირებული“ _ აცხადებს ყოფილი გამგებელი.
ზაზა ურუშაძის თქმით, 2015 წლის ბოლოდან სარგებლობდა ოჯახის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ვოლვოთი“, რაზედაც იყო გაფორმებული ხელშეკრულება გამგეობასთან მხოლოდ საწვავის მოხმარებაზე: „მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთი თეთრი „ვოლვოს“ შეკეთებაზე გამგეობის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამგეობაში გადაამოწმონ. რაც შეეხება „ფოლკსვაგენზე“ გაწეულ ხარჯებს, ესეც მიზერულია, 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხდა საბურავების შეძენა. აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტს, სადაც წერია რამდენიმე თვის განმავლობაში ავტომანქანაზე გაწეულია ხარჯი, ხოლო ბენზინი ჩამოწერილი არ არის, მინდა გითხრათ, რომ ამ თვეების განმავლობაში ავტომანქანა იდგა რემონტზე და ბენზინი თავისთავად ვერ ჩამოიწერებოოდა. 5 წლის განმავლობაში, რაც მე გამგებელი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი რაც შეიძლება ეკონომიურად მომხდარიყო მუნიციპალიტეტის სახსრების ხარჯვა. ამას დაადასტურებს გამგეობის შესაბამისი სამსახურები. 5 წლის განმავლობაში 3 წელი მე მძღოლი არ მყოლია, ესეც დაზოგილი თანხებია. საქართველოს მაშტაბით, არა მგონია, მუნიციპალიტეტი მოიძებნოს, სადაც გამგებელს 500 ლიტრი საწვავი ექნება თვის განმავლობაში გამოყოფილი. მე არასდროს არ დამირღვევია კანონი და არც არასდროს დავარღვევ“, – ამბობს ურუშაძე.
ლანჩხუთის ექს-გამგებელი ამბობს, რომ მას ვერანაირ კანონდარევას ვერ უნახავენ: „საინტერესოა, ვის და რაში სჭირდება ეს ყველაფერი. თუ ის ჯობდა, გამგებლად როგორც კი დავინიშნე, შავი „ტოიოტას“ 90-ათასიანი ჯიპი შემეძინა, როგორ სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდა? და ბოლოს, დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც გინდათ, რამე მიპოვოთ, ეძებეთ და ეძებეთ. დარწმუნებულივარ, ვერაფერს იპოვით, იმიტომ, რომ არც არაფერია მოსაძებნი. ისე არ დაგემართოთ, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო“, – დასძენს ზაზა ურუშაძე.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამგებელ ზაზა ურუშაძისგან და მისი მამისგან – ილია ურუშაძისგან 2 ავტომობილი ჰყავდა ნაქირავები, რაც “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევაა.