იმერეთში რეგიონული ნაგავსაყრელი 2019 წლამდე არ აშენდება

742

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2019 წლამდე ვერ შევა. 2015 წელს დაწყებულ პროექტზე ჯერ მხოლოდ განაღმვითი სამუშაოები შესრულდა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ყოფილ სატანკო ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს თითქმის ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. სამუშაოების პარალელურად ნაწილობრივ დაიხურა ნიკეასნაგავსაყრელი და მუნიციპალიტეტი ახალი ნაგავსაყრელის გახსნის შემდეგ მის სრულად დახურვას აანონსებდა.

იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას რეგიონული განვითარების სამინისტროს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს. კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ადასტურებს, რომ ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს და რომ პროცესი ტენდერის გამოცხადების შემდეგ განახლდება.

“ადგილზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.  ნებართვის მიღების ეტაპზე ვართ, მოწმდება გარემოზე ზემოქმედება.  გამოცხადდება ტენდერი, შეირჩევა გამარჯვებული, შეიქმნება საინჟინრო ნახაზი და სავარაუდოდ, ახალი ნაგავსაყრელი სრულად 2019 წლიდან შევა ექსპლუატაციაში”-განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ. ჩიკვილაძის განცხადებით, ადგილზე არ მოეწყობა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო.

“ნარჩენები, ვიდრე ნაგავსაყრელზე შემოვა, არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, მუნიციპალიტეტებმა თავად უნდა მოახდინოს მათი დახარისხება და მიაწოდონ კომპანიებს, რომლებიც ახდენენ სხვადასხვა სეგმენტის ნარჩენის გადამუშავებას ან შემოიტანენ ნაგავსაყრელზე, სადაც კომპანია დაასაწყობებს ამ ნარჩენებს”,-განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

რაც შეეხება ნარჩენების მუნიციპალიტეტში დახარისხებას, 2019 წლიდან ახალი რეგულაციებით ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების დახარისხება დაევალება, მუნიციპალიტეტებმა უნდა განათავსონ სხვადასხვა კატეგორიის ურნები, რომ მოხდეს ნარჩენების განცალკევება.