გორის სამი სოფელი, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს

1000

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზერტი, ყელქცეული და ფხვენისი წლებია უკვე, საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს და ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. ამის შესახებ გორის სათემო რადიო “მოზაიკა” წერს.

სოფელ ყელქცეულის საბავშვო ბაღის აღსადგენად თანხები 2018 წლის ბიუჯეტშიც ვერ მოიძებნა. შესაბამისად, ადგილობრივებს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტარება ისევ მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში მოუწევთ. ყელქცეულის ბაღმა ფუნქციონირება 30 წლის წინ, ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა. მოგვიანებით კი, ადგილობრივებმა ერთ-ერთი უსახლკარო თანასოფლელი შეასახლეს, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს.

საბავშვო ბაღი არც სოფელ ფხვენისში ფუნქციონირებს. დირექტორის ინფორმაციით, ორჯერ ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად, დაწესებულებაში გათბობის სისტემის მონტაჟი ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ასევე გასამიჯნია ერთ ეზოში არსებული ამბულატორიის, რიტუალების სახლისა და საბავშვო ბაღის შესასვლელები.

კიდევ ერთი სოფელი, სადაც საბავშვო ბაღის პრობლემა აქვთ, ზერტია.ხელმძღვანელის განცხადებით, სასწავლო პროცესი 2017 წლიდან პარალიზებულია, რადგან შენობა დანგრევის პირასაა. ბაღის დირექტორის, მარინა ტერუნაშვილის თქმით, საძირკველს მოულოდნელად ბზარები გაუჩნდა. უკვე მეექვსე თვეა, 140 ბავშვი, რომელთა შორისაც კირბალისა და კვარხეთის მცხოვრებლებიც არიან, სკოლამდელ განათლებას ვეღარ იღებს.

გორის მუნიციპალიტეტში 60-მდე მუნიციპალური საბავშვო ბაღია. აქედან 18 ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, დანარჩენი კი – სოფლად. 2014 წლიდან, სარემონტო სამუშაოები სულ 26 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ჩაუტარდა. აშენდა სამი ახალი შენობა. ამ დროისათვის აღსაზრდელთა რაოდენობა ჯამში 5 710 ბავშვით განისაზღვრება.