საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი თბილისში ორდღიან ფორუმზე შეიკრიბა. ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ღონისძიების მიზანს იმ როლზე შეთანხმება წარმოადგენდა, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ეკისრება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მუნიციპალიტეტების გადამწყვეტ როლზე დაუცველი ოჯახების დახმარების საქმეში და განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის.
ფორუმზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესაბამისი რეგულაციების შემუშავება და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების, რეფერირებისათვის საჭირო პროფესიონალური შესაძლებლობების უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე; სხვადასხვა სახის ინკლუზიური მომსახურება ადგილობრივ დონეზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკა; მიმდინარე სოციალური დაცვის პროგრამები და მომსახურებები მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე, მათ შორის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა; ამ პროგრამების გაუმჯობესების შესაძლებლობები და მუნიციპალურ დონეზე სოციალური დახმარების სქემების შემუშავება მიზნობრივი დახმარების მიღმა დარჩენილი ჯგუფებისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები აისახება სახელმწიფო დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონიდის ორგანიზებითა და ევროკავშირთან პარტნიორობით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაში სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.