აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება

741

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი ბათუმის მერიაში სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში არსებული მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრის მთავარ თემას მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება წარმოადგენდა, რომელსაც ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ქალაქში მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიება პირველად ჩატარდება და რეგიონს 180 ქვეყნის 3 000-მდე წარმომადგენელი ეწვევა.

“ძალიან საინტერესო სეზონი და წელიწადი გველოდება, რომელიც დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიებებით. პირველ რიგში, მინდა გამოვყო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ფარგლებშიც უამრავ ტურისტს ველოდებით როგორც ბათუმში, ასევე რეგიონში. დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით ჩასატარებლად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან კოორდინაციაში დავიწყეთ შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, სასტუმროების ხელმძღვანელებთან და მენეჯერებთან იმისათვის, რომ ჭადრაკის ოლიმპიადა და ტურისტული სეზონი განხორციელდეს წარმატებით”,-განაცხადა მედიასთან საუბრისას ბათუმის მერმა.