გურჯაანის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” მეოთხე ფრაქცია შექმნა

685

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” მეოთხე ფრაქცია შეიქმნა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

გურჯაანის საკრებულოს აპარატის უფროსის თინათი ბიწაძის თქმით, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე საკრებულოს წევრი რამაზ უტიაშვილი იქნება, მოადგილის თანამდებობა კი თეიმურაზ ზარდიაშვილმა დაიკავა.

“ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 6 ფრაქციაა შექმნილი: ესენია: ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება -მრეწველები’’, ,,ქართული ოცნება -კონსერვატორები’’, ,,ევროპული საქართველო“, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“ და ,,გურჯაანი’’. 19 თებერვალს შეიქმნა მე-6 ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“, რომლის შემადგენლობაში სამი წევრი შედის” – თქვა ბიწაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის, რამაზ უტიაშვილის თქმით, მათი მუშაობის მთავარი მიზანი ქალაქში სუფთა გარემოს შექმნა იქნება და სამომავლოდ სწორედ ამ მიმართულებით დააყენებენ საკრებულოში ინიციატივებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 1350 ლარით, ხოლო მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო1250 ლარით განისაზღვრა. წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის ინფორმაცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან ფრაქციების დაფინანსებისთვის 200 000 ლარამდეა გამოყოფილი.