სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის დასკნვის მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას მერიამ უკონკურენტო გარემო შეუქმნა. “რუსთავი 2” ლაშა თორდიას კომენტარს ავრცელებს. ლაშა თორდია აცხადებს, რომ აუდიტის საბოლოო დასკვნამ შუალედური ანგარიშში მოყვანილი ფაქტები კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„აუდიტის საბოლოო დასკვნამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტები, რა ფაქტებზეც ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ. ეს შეეხება ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიერ 580 ათას ლარად 2 მილიონ 600 ათასი ლარის აქტივის მქონე კომპანიის შესყიდვაზე, რომელიც რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავდა. შემდგომში ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩანაცვლების შემდგომ ასევე, კიდევ ჩატარდა აუქციონი, რომელიც ასევე, 40 პროცენტით ნაკლებ ფასში პირდაპირ მიყიდეს ფარცხალაძის კომპანიას,“ – განაცხადა თორდიამ.
ლაშა თორდია ამბობს, რომ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები გახდა მიზეზი მასსა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი.
„გახსოვთ, შესწავლას, რაც მოჰყვა მაშინ, თავდასხმა ჩემზე, ჩვენ მაშინვე შუალედური ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერსებდა თუ რასთან ჰქონდა საქმე. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს გარიგებები და ფაქტები და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ალბათ, საბოლოო პასუხს გასცემს, თუმცა, ამის იმედი მე ნაკლებად მაქვს,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.
უდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ფართები უმეტეს შემთხვევაში საპრივატიზებოდ გამოაქვს პირობით – „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი, მის საკუთრებაში არსებულ ერთ საკადასტრო ერთეულად რეგისტრირებულ მიწის ფართს ჰყოფს რამდენიმე საკადასტრო ერთეულად და შემდეგ ერთ-ერთი ფართი გამოაქვს აუქციონზე შემზღუდავი პირობით. აუქციონების უმრავლესობა მიმდინარეობს უკონკურენტო გარემოში და პოტენციური მყიდველი ძირითადად ხდება მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე. იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან საპრივატიზებო ფართის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას. შედეგად, იზღუდება კონკურენცია და მუნიციპალიტეტი კარგავს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპრივატიზებოდ გამოტანილი ქონების საწყისი ფასი დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე. საექსპერტო დასკვნების ანალიზით გაირკვა, რომ შემზღუდავი პირობებით გასაყიდ ობიექტებზე ექსპერტი ამცირებს ფართის საპრივატიზებო ღირებულებას. შესაბამისად, საწყისი ფასი დგინდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით. შეზღუდვით გამოცხადებული აუქციონი ძირითადად ტარდება უკონკურენტო გარემოში და ფართის პრივატიზება ხდება არასაბაზრო ღირებულებით.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარგებლობის უფლებით ფართების უმეტესობა გაცემულია მიწის ნორმატიული ღირებულების გათვალისწინებით. ქონების მოსარგებლეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ეკონომიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, მერიას უფლება ჰქონდა, მხარესთან შეთანხმებით გადაეხედა საიჯარო ღირებულებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით, ძირითად შემთხვევაში, საბაზრო ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარის ფასების გადახედვა არ განხორციელებულა და მოიჯარეებისათვის სარგებლობის საფასური არ არის შეცვლილი. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს.
- 2012 წელს ქ. თბილისში გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიას მიადგა ზარალი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზარალის შეფასება და ანაზღაურება განახორციელა 2016 წლის მდგომარეობით, მიწის საბაზრო ღირებულების მიხედვით. პროცესის გაჭიანურების შედეგად, მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა, ზარალის მიღების პერიოდში არსებულ ღირებულებასთან შედარებით, დაახლოებით 5-ჯერ მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთით.
imedinews.ge-ს ცნობით, 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.