აუდიტი: თბილისის მერიის მიერ დარგული ხეების მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს

1222

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა დარღვევა-ნაკლოვანებები.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015–16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, შესაბამისად, მერიამ გამწვანებისთვის გათვალისწინებული ფინანსები არაეფექტურად დახარჯა.

აუდიტის თანახმად, 2015 წელს თბილისის მერიამ მთავრობას წარუდგინა პროექტი, რომლის თანახმადაც, წლის განმავლობაში 400 000 ხე-მცენარეს დარგავდა – 200 000-ს გაზაფხულზე, ხოლო 200 000-ს – შემოდგომაზე. თუმცა, გაზაფხულის რგვებისთვის თბილისის მერიამ 72 043 ხე-მცენარე იყიდა, რაც მესამედია ხე-მცენარეების იმ რაოდენობის, რაც გაზაფხულზე უნდა დაერგო. საშემოდგომო რგვებისთვის კი შეიძინა 326 100 ხე-მცენარე. ჯამში მერიამ 398 143 ხე-მცენარე დარგო.

ამასთან, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლები შეარჩია ელექტრონული ვაჭრობის გარეშე, არაკონკურენტულ გარემოში და სახელშეკრულებო ფასი დადგინდა მხოლოდ ორ პირს შორის შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, გამარტივებული შესყიდვის გამოყენებით, აუდიტის ობიექტმა, სავარაუდოდ, დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

ხე-მცენარეების რგვისათვის საჭირო იყო 400 000 ორმოს წინასწარი ამოღება. თბილისის მერიამ ამ მიზნით 273 ათასი ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს „მექანიზატორთან“. მიმწოდებელს 200 000 ორმო უნდა ამოეღო საგაზაფხულო რგვებისათვის, ხოლო დანარჩენი – საშემოდგომოდ. არადა ირკვევა, რომ „მექანიზატორმა“ საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო 91 257 ორმო, რისთვისაც აუნაზღაურდა 59.3 ათასი ლარი. ამასთან, ამ პერიოდში მერიამ სულ 72043 ძირი ნერგი დარგო, რაც რაც 19 214-ით ნაკლებია იმ ორმოების რაოდენობაზე, რამდენიც ამოითხარა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება ბიუჯეტს 12.5 ათასი ლარი დაუჯდა.

დასკვნის მიხედვით, 2015 წელს დაირგო 398 143 ხე-მცენარე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიხარჯა 826.4 ათასი ლარი. ხე-მცენარეები გაშენდა დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე. აუდიტის ჯგუფმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, 2017 წლის მარტში დაათვალიერა მცენარეების განაშენიანების ადგილები. 2015 წელს დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე დარგულია 72 043 ძირი სხვადასხვა დასახელების ნერგი, თუმცა, ნარგავების დაახლოებით მესამედი გამხმარია, ან აღარ არსებობს; მცენარეთა დასამაგრებლად არ არის გამოყენებული ჭიგოები; პარკის ზედამხედველობა არ ხორციელდება; ტერიტორია შემოღობილია, თუმცა, ვერ უზრუნველყოფს ნარგავების დაცვას, კერძოდ, შეინიშნებოდა შინაური ცხოველების ყოფნისა და მცენარეების დაზიანების ფაქტები.